მკურნალობა / თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია
გარკვეული დაავადებები იწვევს თირკმლების ფუნქციის დაქვეითებას იმდენად, რომ ისინი პრაქტიკულად წყვეტენ მუშაობას. ეს შეიძლება იყოს დროებითი (თირკმლის მწვავე უკმარისობა) ან შეუქცევადი ხასიათის (თირკმლის ტერმინალური უკმარისობა). ასეთ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი ხდება თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია - დიალიზი ან თირკმლის გადანერგვა.

ჩვენს კლინიკაში პაციენტს უტარდება როგორც დიალიზის ორივე ფორმის თერაპია, ასევე თირკმლის გადანერგვის შემდგომი მართვა.

ჰემოდიალიზი

ჰემოდიალიზი ჰემოდიალიზი წარმოადგენს დიალიზის სახეს, რომლის დროსაც სისხლიდან ნარჩენი ნივთიერებების და წყლის მოცილება ხდება "ხელოვნური თირკმლის" აპარატის მეშვეობით. ჰემოდიალიზი ჩვეულებრივ კვირაში სამჯერ ტარდება და ყოველი სეანსის ხანგრძლივობა 4 საათია. ამ დროს სისხლი გაივლის ხელოვნურ თირკმელში, თავისუფლდება ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი წყლისაგან და უბრუნდება ორგანიზმს. აღნიშნული პროცედურა ჩვენს კლინიკაში ერთდროულად 20 პაციენტს შეიძლება ჩაუტარდეს.





პერიტონეული დიალიზი

პერიტონეული დიალიზი ჩვენს კლინიკაში ასევე ხელმისაწვდომია დიალიზის ალტერნატიული ფორმა - პერიტონეული დიალიზი. ამ შემთხვევაში დიალიზს პაციენტი თავად იტარებს, მუცლის ღრუში ჩადგმული კათეტერის მეშვეობით სადიალიზო სითხის შეშვებისა და შემდგომ მისი გამოშვების გზით. აღნიშნული პროცედურა დღის განმავლობაში ოთხჯერ ტარდება სახლის პირობებში, პროცედურებს შორის კი პაციენტს შეუძლია ჩვეულებრივი გადაადგილება და საქმიანობა. ასევე ხელმისაწვდომია ავტომატური პერიტონეული დიალიზი, რომლის დროსაც პროცედურა მიმდინარეობს ძილის დროს, ციკლერის აპარატის მეშვეობით.





თირკმლის გადანერგვის შემდგომი მართვა

თირკმლის გადანერგვის შემდგომი მართვა თირკმლის გადანერგვა წარმოადგენს მეთოდს, რომლის დროსაც დაავადებული თირკმლების ფუნქციის ჩანაცვლება ხდება სხვა ადამიანის (ცოცხალი ან მკვდარი) ორგანიზმიდან გადანერგილი ჯანმრთელი თირკმლით. გადანერგილი თირკმლის მქონე პაციენტები ჩვენს კლინიკაში მიიღებენ ნეფროლოგის მუდმივ მეთვალყუროებას, რომელიც მოიცავს მედიკამენტების სწორ შერჩევას, მათ ზუსტ დოზირებას, გვერდითი მოვლენების მართვას და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგს.